თუშეთში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით 30.2 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
თუშეთში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით 30.2 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, გამოცხადებულია 2 ტენდერი. აქედან პირველი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების (ლოტი III) შესყიდვას გულისხმობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამ შემთხვევაში – 12 300 334 ლარია. მე-2 ტენდერი კი ფშაველი – აბანო – ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს ლოტი II ეხება. ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 12 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 11 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. ცნობისთვის, ლოტი II მოიცავს არსებული გზის მონაკვეთს 21.5 კმ-დან 25.5 კმ-მდე; ხოლო ლოტი III არსებული გზის მონაკვეთს 25.5 კმ-დან 35.9 კმ-მდე.
„არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო გზის სიგანე შერჩეულია 4,5 მ. თუმცა, გათვალისწინებულია გზის გაფართოებები რელიეფის გათვალისწინებით. გარკვეულ მონაკვეთებში ფრთოვდება 6მ-მდე,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.