უნიკალური წოვა-თუშური ენა გაქრობის პირას
წოვათუშები ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი თუშეთიდან XIX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოსახლდნენ. მათ ენას მკვლევრები თუშური ან ბაცბურ ენად იხსენიებენ. ამჟამად ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა „წოვათუშური ენა“. ამ ენაზე ლაპარაკობს სამი ათასამდე ადამიანი. ის საოჯახო ენის ფუნქციასაც ასრულებს, თუმცა, დამწერლობა არა აქვს.
მკვლევარი ავთანდილ გარსევანიშვილი ამბობს, რომ თუშეთში 4 თემია, მათ შორის ერთ-ერთი წოვათის თემია. თემის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა უნიკალური წოვათუშური ენის გაქრობის საფრთხეა.
,,4-დან ერთადერთი წოვათის თემია აუღორძინებელი. კითხვის ნიშნის ქვეშაა თუშური ენა გადარჩება თუ არა. ის არცერთ ენას არ ჩამოუვარდება თავისი სიტყვათა სიმრავლით. ქართულში რომ არ არის რაიმე სიტყვა, მოიძებნება თუშურში“.
წოვათუშური ენა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს, ნელ-ნელა იკარგება. იუნესკომ მას სერიოზულ საფრთხეში მყოფი ენის სტატუსი მიანიჭა. სოფელ ზემო ალვანში ცდილობენ, გაქრობის წინაშე მდგარი ენა გადაარჩინონ.
ნანა ჩარხოშვილი, წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს რომ წოვათუშური ენის გადარჩენის მიზნით, სოფელში ენის შესწავლის კურსები ამოქმედდება:
,,წოვათის თემის საინფორმაციო კულტურული ცენტრი შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური დახმარებით. ამ პროექტის მიზანია, პირველ რიგში, წოვათუშური ენის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან ჩვენი ენა იუნესკომ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა სიაში შეიტანა.
ვცდილობთ, რომ ადგილობრივი ბავშვებისთვის უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ. შემოდგომიდან, ენის სპეციალისტი, რომლის შტატიც უკვე არსებობს მერიაში, შეასწავლის თუშურ ენას ახალგაზრდებს. ვფიქრობთ, რომ ენა გახდება უფრო შინაური და აღარ იქნება ის გაუცხოება, რაც თაობების მანძილზე არსებობდა“.
ნანა ჩარხოშვილისვე თქმით, თემის წევრებისგან შეგროვდა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მეკვიდრეობის ნიმუშები (წიგნები, ხელნაწერები, სხვადასხვა ნივთები) და გამოიფინა ცენტრში. ჩაიწერა 40-მდე ვიდეო თემის წევრების მონაწილეობით წოვათუშურ ენაზე და დაარქივდა. დამზადდა ტრადიციული სამოსი და ნივთები, რომლებიც გამოფენილია ცენტრში.
,,მოვახდინეთ ჩვენი მატერიალური და არამატერიალური რესურსების შეგროვება და დღეს უკვე გვაქვს ეს სივრცე, სადაც წოვა თუშების კულტურული მემკვიდრეობა არის თავმოყრილი. ეს სივრცე იქნება როგორც ადგილობრივი თემისთვის, ისე უცხოელი და ქართველი ვიზიტორებისთვის, მკვლევარებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი”.
წოვათუშური (ბაცბური ენა) ნახური ენების კატეგორიაში შედის, ენათესავება ინგუშურს და ჩეჩნურს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ ენას ვერც ინგუში, ვერც ჩეჩენი და ვერც ქართულის მცოდნე გაიგებს. გაქრობის პირას მისული ენის გაგება წლების წინ თუშეთში, წოვათის ხეობაში ვინც ცხოვრობდა ცხოვრობდა და შემდეგ ზემო ალვანში ჩამოსახლდა, მათ შეუძლიათ.