კახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 26 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 – გურიისა და 5 – იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების 1 ფაქტი კახეთში გამოავლინეს. შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 15 კუბური მეტრი სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 481 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 458,784 კუბური მეტრი შეადგინა.