15 აგვისტოდან სოფელ ბაკურციხეში, “ასკანელის” სპირტის საწარმო ყურძნის ჩაბარებას შეძლებს
15 აგვისტოსთვის ასკანელის სპირტის საწარმო ყურძნის ჩაბარებას შეძლებს.
საკითხზე „ბიზნესის კვირეულში“ კომპანიის დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ქარხანა სრულად მომავალ წელს ამოქმედდება, ხოლო წელს 9000 ტონამდე ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება იგეგმება.
„ეს არის ქარხანა, ყურძნის გადამუშავებიდან ციკლის დესტილაციამდე. ეს არის მთლიანი ციკლი. საქართველოში შემოვიდა ახალი წესები და ახალი კანონმდებლობა, რაც ითვალისწინებს[ბაზარზე] ქართული სპირტის მონაწილეობის ზრდას უცხოურთან შედარებით. წელს ამ ქარხანას ბოლომდე ვერ ვამთავრებთ, რადგან საკმაოდ დიდი პროექტია და მასშტაბური. 15 აგვისტოსთვის დავიწყებთ ყურძნის მიღებას, წელს მივიღებთ ყურძენს, ვფიქრობთ, წელს 9000 ტონამდე ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა გვექნება, რაც ამ ქარხანამ უნდა მიიღოს და გადაამუშაოს. ჯამში ქარხანა 20-22 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს. ქარხანა წელს დამთავრდება“, – განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მომავალი წლისთვის ახალგახსნილ ქარხანაში სპირტის სადისტილაციო სახდელი დამონტაჟდება.
თავის მხრივ, “თიბისი” დეპარტამენტის უფროსი/მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი დარჩიაშვილის თქმით, ჯამში, მიმდინარე წელიწად ნახევრის განმავლობაში „ასკანელის“ მიმართულებით თიბისიმ 50 მლნ ლარზე მეტი ლარის დაფინანსება გამოყო.
„ჩვენ ძალიან კარგ ინიციატივას შევუწყვეთ ხელი, ეს არის ბაკურციხეში სპირტის საწარმო. რომლის ფარგლებშიც დამონტაჟდა ახალი ცისტერნები, ახალი დანადგარები, და რაც ძალიან საინტერესო და ინოვაციურია, ეს არის საწარმოში მზის პანელების დამონტაჟება, რასაც ჩვენ შევუწყვეთ ხელი. ეს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგადად, ჩვენ ჯამში, 2023 და 2024 წელს „ასკანელის“ დაფინანსების ფარგლებში გამოვყავით ₾50 მლნ-ზე მეტი დაფინანსების პაკეტი. ეს იყო რთველის დაფინანსება, კაპიტალური პროექტების დაფინანსება და სხვადასხვა მიმართულებების ხელშეწყობა. მჯერა, კიდევ ბევრი საინტერესო იდეა იქნება“, – თქვა გიორგი დარჩიაშვილმა.