ახალი ამბები

ახალგაზრდებისთვის ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა – PMCG

საქართველოში ახალგაზრდებისთვის (15-24 წელი) ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის ახალგაზრდების დასაქმების შესახებ კვლევაში.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, 2023 წელს დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ 9% მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რაც „გაცილებით დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (33%)“.

„ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ასეთი სიმცირე ბევრ ახალგაზრდას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს განათლებასა და სტაბილურ დასაქმებას შორის“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთანავე, PMCG-ი კვლევაში აღნიშნავს, რომ გასულ წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7% ახერხებდა ერთდროულად სწავლას და მუშაობას.

„მათგან, ვინც სწავლობდა, მხოლოდ 10%-ს ჰქონდა სამსახური, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს უჭირთ განათლების მიღების პარალელურად მუშაობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ხელფასებს, კვლევის მიხედვით, 2020-2023 წლებში ახალგაზრდები, ყველა დასაქმებულის საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასთან შედარებით, 35%-ით ნაკლებს იღებდნენ. უფრო კონკრეტულად, ამავე დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდების საშუალო ნომინალური ხელფასი 2023 წელს 1 558 ლარი იყო, ხოლო 15+ მოსახლეობის – 1 858 ლარი.

„ახალგაზრდები საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე 15+ ასაკის მოსახლეობა, რასაც შესაძლოა იწვევდეს ის, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, საწყის პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებანაზაურებადია. ახალგაზრდების საშუალო ხელფასი მათი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და მჭიდროდაა დაკავშირებული უმაღლესი განათლების საფეხურებისა და გამოცდილების ზრდასთან“, – განმარტავენ კვლევის ავტორები.