სიახლე მართვის მოწმობის მფლობელებისთვის – საქართველოს და ირლანდიის მოქალაქეებს საბუთის გადაცვლა შეუძლიათ
ირლანდიის და საქართველოს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გადაცვლა შეუძლიათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ კიკნაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ურთიერთგაგების მემორანდუმი 2024 წლის 25 ივნისიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ასევე, ხელი მოეწერა „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს“,- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.