ახალი ამბები

იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის ცენტრში 100-მდე ადგილობრივი შეიკრიბა და თემში არსებული პრობლემების მოგვარება და აღნიშნული საკითხებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაინტერესება მოითხოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოფლებში ცენტრალური და შიდა გზების მოასფალტებას, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას და ბადიაური-იორმუღანლოს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

მათი თქმით, აღნიშნული საკითხების მოუგვარებლობის გამო, მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა საკითხების მოგვარება დღემდე არ დაწყებულა.

,,100-მდე ან მეტი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, ესენი იყვნენ იორმუღანლოს თემში შემავალ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. არ გვაქვს გზა, გადაადგილების პრობლემაა, სკოლაში ვერ მიდიან ბავშვები, ხალხი სახლამდე ვერ მიდის ისეთი ცუდი მდგომარეობაა შიდა გზებზე, მანქანები ვერ დადიან. წვიმის დროს კი პრობლემა უფრო მწვავდება. ცენტრალური გზები ზოგან გააკეთეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დაზიანებულია. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ცენტრალური გზა გაკეთდეს სრულად. გარდა ამისა, მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიც, რომელიც ბევრ პრობლემას ქმნის. ამ საკითხებზე რამდენჯერმე მივმართეთ თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ”,- განუცხადა knews.ge-ს ადგილობრივმა ელვინ ქარიმოვმა.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფლებში ასევე არის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.

,,წყლის პრობლემაც ძალიან მწვავედ დგა სოფლებში და ცუდი მდგომარეობაა. მაგალითად სოფლებში: თულარსა და ქეშალოში საერთოდ არ მოდის სასმელი და სარწყავი წყალი, დიდი პრობლემაა და ხალხი მანქანებით ეზიდება წყალს. ვისაც მანქანა არ ყავს იმან რა უნდა ქნას?”,- აცხადებს ელვინი.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არავინ მისულა.

,,ამდენი ხალხი გამოვედით აქციაზე და არავინ მოვიდა ჩვენთან შესახვედრად. ორი დღის წინ რომ ეს აქცია დავაანონსეთ, აქციამდე წინა დღით, სოფელში მოსულან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შეხვდნენ მოსახლეობას, მოყვანილი ყავდათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი და ხალხს უთხრეს, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ. დღეს კი ჩვენზე ამბობდნენ, რომ პრობლემების მოგვარება დაწყებულია და აქციის მონაწილეები ტყუილებს ვლაპარაკობდით.”

ფოტოები აქციიდან: