ახალი ამბები

ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

1-ლი აგვისტოდან საქართველოში რამდენიმე ცვლილების ამოქმედება იგეგმება.

გთავაზობთ აღნიშნული ცვლილებების ჩამონათვალს:

დღეიდან ამოქმედდება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალება.

ამასთანავე, დღეიდან ზემოთ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონით, ასევე, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

დღეიდან დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო ხდება

დღეიდან ამოქმედდება „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილება, რომელიც დაუფასოებელ სურსათს შეეხო.

კერძოდ, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულო ხდება.

დღეიდან სავალდებულო იქნება სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.

ცნობისთვის, აქამდე წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე იყო სავალდებულო, განხორციელებული ცვლილებებით კი 1-ლი აგვისტოდან ყველა სახის სურსათისთვის სავალდებულო იქნება.

დღეიდან კვლავ აკრძალული იქნება რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი

დღეიდან კვლავ აკრძალული იქნება რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე, შეზღუდვა ოქტომბრის ბოლომდე იმოქმედებს. ამ ცვლილებას კი შესაძლოა, გარკვეული გავლენა საქართველოზეც ჰქონდეს.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია და სწორედ მასზე მოდის საწვავის იმპორტის თითქმის 53%. ნავთობიმპორტიორების ნაწილის შეფასებით, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე. თუმცა, ნაწილი თვლის რომ ამას არსებითი გავლენა ქართულ ბაზარზე არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რათა საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო. რუსეთმა აკრძალვა მეორედ 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა. თუმცა, 20 მაისს მთავრობამ საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდება ჯერ ივნისის ბოლომდე, შემდეგ კი ივლისშიც დროებით განაახლა, რაც წარმოების ნაწილობრივი აღდგენის ფონზე მოხდა.