1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის ყველაფერი მზად არის – იუსტიციის მინისტრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან შეუძლიათ, რისთვისაც ყველაფერი მზად არის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება [„რუსული“] კანონის ამოქმედებას, ყველა ვადა მითითებული არის კანონში, თქვენ ეს კარგად იცით და 1-ელი აგვისტოდან, ორგანიზაციებს, რომლებიც კრიტერიუმებში ექცევიან, შეუძლიათ განაცხადების გაკეთება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ტექნიკური ბაზა მზად, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ „ყველაფერი მზად არის“.
რაც შეეხება რეგულაციას, თუ რა ელოდებათ ორგანიზაციებს, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ „თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას.
400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს ბაზაში დარეგისტრირებას არ აპირებს.