ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალება.
დადგენილების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში ორი სტრუქტურული ერთეული იქნება: რეგისტრაციის და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები.
„ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტს შემდეგი ფუნქციები ექნება:
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
პერიოდულად საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
აღნიშნული დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დადგენილების თანახმად, ცვლილება 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 28 მაისს დაძლია.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღის ვადაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შეექმნა, სწორედ აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა რეესტრის შექმნის საკითხი. რეესტრის ამოქმედების შემდეგ მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.