ახალი ამბები

საქსტატმა ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ 2023 წლის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

მაჩვენებელი 2022 წელს 197 იყო, შესაბამისად, გასულ წელს ქვეყანაში ბაზრებისა და ბაზრობების რაოდენობა 3 ერთეულით შემცირდა.

გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბაზრებისა და ბაზრობების უმეტესობა დედაქალაქშია. უფრო დეტალურად, რეგიონების მიხედვით განაწილება შემდეგია:

30.4% – თბილისი;
19.1% – იმერეთი;
13.4% – სამეგრელო-ზემო სვანეთი;
11.9%- კახეთი;
8.8% – ქვემო ქართლი;
5.1% – აჭარა;
4.6% – შიდა ქართლი;
2.1% – მცხეთა-მთიანეთი;
2.1% – სამცხე-ჯავახეთი;
1.5% – გურია;
1% – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის წილად მოდის 2023 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76.3%, ინდივიდუალური მეწარმეების წილი კი 20.6%-ია. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს აქვს სააქციო საზოგადოების (1.6%), კოოპერატივის (1%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5%) ფორმა.

ამასთან, გასულ წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.1% – სახელმწიფო საკუთრებაში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 51.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 37.4 ათას კაცს შეადგენს.

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დირექციებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 34.5% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 45.8% ქალაქ თბილისზე მოდის.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 11.4 მლნ. ლარი (6.4%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 153.2 მლნ ლარი (86.6%) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 12.3 მლნ ლარი (7%) – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში დანახარჯებმა 108.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 36.5 მლნ. ლარია.