25 მაისს კახეთში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, მოხალისეებმა, პედაგოგებმა, მეწარმე ქალებმა, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი კახეთის (MCK) კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით.
ფორუმის მიზანი იყო კახეთის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო კახეთის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ქალი მეწარმეების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზეს.
ფორუმზე, ასევე, მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე „კახეთის მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში“ და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე „მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.
მედია ცენტრი კახეთის MCK ორგანიზებით რეგიონში ეს უკვე რიგით მეოთხე მოხალისეობის ფორუმია, რომელიც 2018 წლიდან დღემდე გაიმართა. ფორუმს ესწრებოდა 160 მდე მონაწილე.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში –
ფორუმი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).