შესყიდვების სააგენტოში 206 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერების სისტემაში გასულ წელს 77 ქვეყნის 2 505 არარეზიდენტი მიმწოდებელი იყო რეგისტრირებული.
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, არარეზიდენტ მიმწოდებლების ათეულში მესამე ადგილზეა რუსეთში დაფუძნებული 206 კომპანია. უცხო ქვეყნის მიმწოდებლებს შორის პირველ ადგილზეა უკრაინა 388 მიმწოდებლით, რომელსაც მოსდევს თურქეთი 387 მიმწოდებლით. რეიტინგში მე-4 ადგილზეა ჩინეთი, საიდანაც საქართველოში რეგისტრირებულია 151 კომპანია. ჩინეთს კი მოსდევს აზერბაიჯანი 144 მიმწოდებლით.
ანგარიშის მიხედვით, Eprocurement-ში რეგისტრირებულ საზღვარგარეთ დაფუძნებული კომპანიების ათეულს შემდეგი ქვეყნები ავსებენ:
გერმანია – 122 მიმწოდებელი;
იტალია – 106 მიმწოდებელი;
დიდი ბრიტანეთი – 75 მიმწოდებელი;
სომხეთი 68 მიმწოდებელი;
აშშ – 59 მიმწოდებელი.
სააგენტოს ცნობით, ჯამში არარეზიდენტ მიმწოდებლებთან 2023 წლის განმავლობაში ტენდერების შედეგად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 71 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების 1%-ს უტოლდება. უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ადგილორბივ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 8.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.