ახალი ამბები

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.

„გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს. გუნდი ასევე მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

აღნიშნული მისია არის NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების მისიის გაგრძელება და წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზებული ფართო საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს. მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.

NDI-ის გრძელვადიანი შეფასების მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს.

დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება მოქალაქეების ჩართულობის, ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის გზით. დღემდე NDI-ის მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნების დაკვირვება აქვს განხორციელებული, მათ შორის საქართველოში1992 წლიდან ჩატარებული ყველა საერთო არჩევნების.

მისია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.