სოფელ ველისციხის რეაბილიტაციისთვის ADB-მა ₾30-მილიონიანი დაფინანსება გამოყო
აზიის განვითარების ფონდმა ველისციხის რეაბილიტაციისთვის 30,386,078 ლარი გამოყო.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პროექტი 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს და დასრულების სავარაუდო პერიოდად 2024 წლის IV კვარტალი არის დასახელებული.
აზიის განვითარების ფონდი (ADB) საქართველოში ახორციელებს ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამას (Livable Cities), რომლის ფარგლებშიც რეგიონებში არსებული არაერთი დასახლების განახლება და რეაბილიტაცია ხორციელდება.
,,აღნიშნული პროექტის მიზანი რეგიონების მდგრადი განვითარებაა, რითაც ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოექცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული სოფელი ველისციხე. პროექტის თანახმად, კონტრაქტორი კომპანიები „ინსი“ და „ჯავა“ სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, თეატრის ფასადის და პირველი სართულის, მის წინ მდებარე მოედნისა და პარკის რეაბილიტაციის, გზისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების და ბიოლოგიური გამწმენდი მოწყობის ვალდებულებას იღებდნენ.
ველისციხის ურბანულის განახლებისთვის 30,386,078 ლარი გამოიყო, თუმცა ხელშეკრულების საბოლოო თანხად 29,704,033.82 ლარი განისაზღვრა. დღევანდელი მდგომარეობით კი კონტრაქტორი კომპანიებისთვის უკვე გადახდილია 20,543,413.82 ლარი, რაც ხელშეკრულების თანხის 69%-ს შეადგენს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის და შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან ვიგებთ, რომ ხელშეკრულების დადებიდან 28 დღეში დაიწყებოდა შესასრულებელი სამუშაოს დასრულების ვადის ათვლა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები 20 თვეში უნდა დაესრულებინა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 23 დეკემბერს. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში.
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების თარიღად 2023 წლის აგვისტო-სექტემბერი განისაზღვრა. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 21 სექტემბრის განცხადება და „ქართული ოცნების“ ამავე წლის 21 ნოემბრის პოსტი „ფეისბუქზე“, რომლის თანახმადაც ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდებოდა.
აზიის განვითარების ბანკის მიერ 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღად 2024 წლის 31 მაისი იყო დასახელებული.
„ფლანგვის დეტექტორმა“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის იგეგმებოდა ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაბრუნებული პასუხის თანახმად, სამუშაოები 2024 წლის IV კვარტალში უნდა დასრულდეს.
გამოდის, რომ ველისციხის რეაბილიტაცია თავდაპირველად გათვლილი ვადიდან მინიმუმ ერთი წლის დაგვიანებით დასრულდება”,- წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.