გამოკითხულთა 3% ყოველკვირეულად, საკვებს ნისიად ყიდულობს – CRRC
„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეების ნაწილი საკვების საყიდლად ფულს სესხულობს.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, კითხვაზე, ბოლო 6 თვეში რამდენჯერ მოუწია თქვენს ოჯახს ფულის სესხება საკვების შესაძენად, გამოკითხულთა 6% პასუხობს, რომ ყოველთვიურად, 4% ყოველ მეორე თვეს, ხოლო 3% კი ყოველკვირეულად. საგულისხმოა, რომ აქ არ იგულისხმება ბანკის ვალი/კრედიტი, თუმცა ითვლება ნისია ადგილობრივ მაღაზიაში.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.