პარლამენტი დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს
დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს.
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.
ამნისტია არ შეეხება: – მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამასთან, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება.
“ამნისტიის შესახებ“ პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე-მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.