პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 77 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს.
„ეს მადრიდში, ბარსელონაში, ვენაში არსებული პრაქტიკაა, რომლითაც შემცირდა ავტოავარიების შემთხვევები, შესაბამისად, შემცირდა დაზარალებულების რაოდენობა. ამ კარგი პრაქტიკის ასახვა ხდება საქართველოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.