დედოფლისწყაროში დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება
კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება.
„საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები ჭებით მოეწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 4.5 მლნ ლარი.