თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება, გამოყენება და ფლობა დასჯადი ხდება
თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა, გამოყენება, ფლობა დასჯადი ხდება. საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პირველ ჯერზე ჯარიმა 3 000 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი 6 000 ლარი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე აცხადებს, დაწესებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი ექნება. მანვე განმარტა, რომ დეპარტამენტის მიერ ბრაკონიერების მიერ ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ასობით შემთხვევა არის გამოვლენილი.
„არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ თევზჭერის ელექტროშოკურ იარაღს დღემდე ბრაკონიერები საკმაოდ აქტიურად იყენებენ და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია ასობით ფაქტი წინა წლებში.
ცვლილებებით როგორც ქარხნული, ასევე კუსტარულად დამზადებული, ასეთი იარაღის გამოყენება, დამზადება, შენახვა, შეძენა, გადატანა – ყველანაირი ტიპის ქმედება იქნება დასჯადი. თუ დღემდე ელექტროშოკური აპარატის გამოყენება თევზჭერის პროცესში იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ახლა მისი გადატანა, შეძენა, მიწოდება, გამოყენება იქნება დასჯადი.
3000 ლარი იქნება ჯარიმა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება პრევენციული ხასიათი. განმეორებით შემთხვევაში იქნება 6000 ლარი. საბარგულშიც რომ აღმოჩნდეს ელექტროშოკური აპარატი, ამაზეც იქნება ჯარიმა უკვე“, – განაცხადა მაია ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაგზავნა ან გასაღება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. ხოლო, განმეორებით ჩადენა – 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
ამასთანავე, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. აღნიშნულის განმეორებით ჩადენა კი 2 000 ლარის ოდენობის ფულად სანქციასა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს.