საია-ს ანგარიში – ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მაჩვენებელი კვლავ დაბალია
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2024 წლის 15 ივლისს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა.
საია-ს განმარტებით, დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან – 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბრობს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.
ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:
აღკვეთის ღონისძიებები
საია-ს მონიტორები დაესწრნენ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 211 სხდომას, სადაც ბრალდებულის სახით წარდგა 224 პირი. სასამართლომ 218 პირის (97%) მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ხოლო 6 (3%) პირი დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, გამოიკვეთა ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების დაბალი შემთხვევები.
საიას თქმით, წლებია ორგანიზაცია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს – გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა.
გამოწვევაა, ასევე, გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება, პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, ქონებრივი მდგომარეობის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია.
სათანადო სასამართლო კონტროლი
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 97 სხდომაზე 100 პირი წარდგა სასამართლოში დაკავებულის სახით. მოსამართლემ საჯარო სხდომაზე დაკავების კანონიერება მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილა და მიიჩნია, რომ მისი საფუძვლები არ დარღვეულა.
„მოსამართლეები სასამართლო სხდომებზე ეფექტიანად რეაგირებენ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევებზე. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სასამართლო სხდომაზე 3-მა ბრალდებულმა ისაუბრა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა შემთხვევაში, მოსამართლემ კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. იშვიათია, როდესაც სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ცვლის მას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებად. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორები დაესწრნენ 22 (22%) წინასასამართლო სხდომას, რომლებზეც 23 (23%) ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. სასამართლომ მხოლოდ 2 პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა გირაოთი. სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. მოსამართლეები, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებენ მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. გამოვლინდა მხოლოდ 1 ფაქტი, როდესაც მოსამართლემ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება არ დაამტკიცა“, – ნათქვამია ანგარიშში.