ახალი ამბები

ალავერდში საეპისკოპოსო სახლის შიდა და გარე პერიმეტრზე ხარაჩოს მოწყობა დასრულდა

ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე საეპისკოპოსო სახლის შიდა და გარე პერიმეტრზე დასრულდა ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა.

ხარაჩოზე გაკეთდა ხის ბილიკები და მოაჯირები. დასრულდა ხარაჩოს აგება ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზეც (სტოა). ამჟამად ინტენსიურად გრძელდება ხარაჩოს აღმართვის პროცესი გუმბათის ყელზე ლავგარდნის მიმართულებით.

გრძელდება მუშაობა სამრეკლო-კარიბჭისა და ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთი მინაშენის გადახურვის რესტავრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციაზე.

25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას გატეხილია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.