ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის
„შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიას’’ დაევალა 2024 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება.
აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას“, – წერია გამარტივებულ შესყიდვაში და იქვე აღნიშნულია, რომ ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს.
„გარემოება, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ცდილობს ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობას ახალი არ არის და წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ღონისძიებების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა წელსაც მოსალოდნელი იყო, თუმცა როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი.
შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 40-50 ათასი ტონა ყურძნის მიღება-დამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხანაში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომლებსაც რთველის მომზადება მოითხოვს“, – წერია წერილში.
ამასთან, მოსავლის მართვის კომპანია ყურძნის გადამუშავებისას მიღებული სითხეების სპირტად გამოხდა, დასაწყობებას უზრუნველყოფს კახეთში არსებულ 20-მდე ქარხანაში.