საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლების მშენებლობა იგეგმება
საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლების მშენებლობა იგეგმება – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დამაგროვებლების შესახებ პროექტი შემუშავებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას. მელიქიძის ინფორმაციით, 4-5 ივლისს გაიმართება კონფერენცია, სადაც დამაგროვებლების მშენებლობასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.
„გვჭირდება ელექტროენერგიის დამაგროვებლები, ე.წ სთორიჯები, რომ, როდესაც გენერირდება ელექტროენერგია, დავაგროვოთ და გამოვიყენოთ პიკურ პერიოდში. ახლა ასეთები არ გვაქვს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს პროექტი ამ დამაგროვებლის აშენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გვეცოდინება – ეს იქნება პირველი პროექტი“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
დამატებითი ინფორმაციისთვის „ბიზნესპრესნიუსმა“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მიმართა და დეტალებს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.