ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესწავლა გრძელდება
არქიტექტორ-რესტავრატორებმა და კონსტრუქტორმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად დეტალურად განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ობიექტების შემდგომი რეაბილიტაციის საკითხები.
ამ მომენტისთვის სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა – განთავსების პროცესი დასრულებულია. ამასთანავე, დაიწყო ინვენტარული ხარაჩოს მოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რათა საშუალება მიეცეთ რესტავრატორებს, ზუსტად შეაფასონ გუმბათის მდგომარეობა და განსაზღვრონ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების რიგითობა და მასშტაბი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას.