EU-ში ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ გენადი არველაძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„2014 წელს, როცა DCFTA ძალაში შევიდა, ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი, ანუ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის ექსპორტი 407 მლნ დოლარი იყო, 2023 წლის ბოლოსთვის კი 576 მლნ დოლარია. შესაბამისად 42%-იანი ზრდა იყო. ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში, რომელიც 2014 წელს შეადგენდა 68%-ს, 2024 წლისთვის 82%-მდე გაიზარდა . ასევე გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, თუ 2014 წელს შევადარებთ, 78%-იანი ზრდა გვაქვს და მათი რაოდენობა 1006 კომპანიაზე მეტს შეადგენს“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების ფარგლებში 10 წლის შედეგებზე ისაუბრა და წარმატების კონკრეტული მაგალითები დაასახელა.
„10 წლის განმავლობაში ევროკავშირთან დაახლოებული კანონმდებლობის შესაბამისად წარმატების მაგალითები გვაქვს. ეს შეეხება ისეთ პროდუქტებს, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ეს ძირითადად ფარავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, როგორიც არის თაფლი, მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ლოკოკინები, მატყლი და ცხოველის საკვები. მიმდინარეობს მუშაობა დედა ფუტკრისა და აკვაკულტურის ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზრის გასახსნელად. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენმა ექსპორტიორებმა შეძლეს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანა. ექსპორტი 2022 წლიდან ხორციელდება და უკვე 300 ტონამდე გავიდა. ასევე, თევზის ზეთი და ფქვილი 2022 წლიდან გადის ექსპორტზე ევროკავშირში და ექსპორტმა 700 ტონაზე მეტი შეადგინა, 2023 წლიდან ჯამში 160 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, შინაური ცხოველის საკვების ექსპორტი ევროკავშირში 2021 წლიდან დაიწყო და ჯამში 60 ტონაზე მეტი საკვებია ექსპორტირებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.