ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია პარლამენტის სასახლეში ჩატარდება – ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ახალ პრეზიდენტს და ყოველ მომდევნო პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება.
„300 წევრიდან 150 პარლამენტის წევრია. კოლეგიაში, ასევე შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკრებულოებიდან პროპორციულობის წესით განსაზღვრული კვოტით შერჩეული ხმოსნები. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სასახლეში გაიმართება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ფიცის დადების ცერემონიაც საქართველოს პარლამენტში გაიმართოს. სწორედ ამ საკითხს აწესრიგებს ეს საკანონმდებლო ცვლილებაც”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.