სოფელ დუისის სკოლის მოსწავლე სრული დაფინანსებით ბრიუსელში, სტრასბურგსა და ჰააგაში გაემგზავრება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე, მუსლიმ ბორჩაშვილი ევროპის აკადემიური ცენტრის მხარდაჭერით და სრული დაფინანსებით ბრიუსელში, სტრასბურგსა და ჰააგაში გაემგზავრება.
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია „ევროპარლამენტის მოდელირება 2024“ ჩატარდა და ახალგაზრდა აღნიშნულ ღონისძიებაში 3 დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა, რომელიც ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო ევროპის აკადემიური და საერთაშორისო პროგრამების ცენტრის მიერ.
ღონისძიების ფარგლებში, მუსლიმ ბორჩაშვილი გახლდათ ესპანეთის დელეგატი 🇪🇸🇪🇺 ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტში. კომიტეტის განსახილველი თემა იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. ახალგაზრდამ თავისი კომიტეტის ხელმძღვანელთან და სხვა წევრ დელეგატებთან ერთად შეიმუშავა რეზოლუცია ორი დღის განმავლობაში – თუ როგორ უნდა დასრულებულიყო აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანად, საბოლოო დღეს კი რეზოლუცია წარდგენილი იქნა გენერალური ასამბლეის წინაშე, სადაც ის გამოვიდა სიტყვით.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟიურის წევრებმა და პროექტის პარტნიორებმა გამოავლინეს საპატიო და საუკეთესო დელეგატები. ერთ-ერთი საუკეთესო დელეგატი კი გახდა ჩვენი მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი, რომელიც სულ მალე ევროპის აკადემიური ცენტრის მხარდაჭერით და სრული დაფინანსებით გაემგზავრება ევროპის პოლიტიკურ ქალაქებში (ბრიუსელი, სტრასბურგი, ჰააგა).
ევროპარლამენტის მოდელირება სიმულაციური ხასიათის პროექტია რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან შესაბამის კომიტეტებში, განიხილავენ აქტუალურ თემებს და იკვლევენ გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზებს.