თელავის ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა
თელავში ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები, Telavi Open ტურნირის მასპინძლობის პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნა.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის წლის ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. ასევე განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემაც.
განახლებული ინფრასტრუქტურით, თელავის კორტები ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ღია, ასევე დახურულ კორტებზე შესაძლებელია მსოფლიო დონის მასშტაბის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.
Telavi Open-ის ფარგლებში ქალაქში ათეულობით ქვეყნის 100-მდე მოთამაშეა ჩამოსული. წლის განმავლობაში დაგეგმილი ტურნირების ფარგლებში კი, თელავი კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ელოდება, რაც გარდა ჩოგბურთის პოპულარიზაციისა, მუნიციპალიტეტში ტურიზმის, განთავსებისა და კვების სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს უწყობს ხელს. ტურნირების კალენდარი ნოემბრის ჩათვლით უკვე ათვისებულია.
პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა, 3 900 062 ლარს შეადგენს.