კახეთში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ბიზნესფორუმი გაიმართება
30 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბიზნეს ფორუმი She Means Business გაიმართება.
კომპანია Fireflies დამფუძნებელი და ფორუმის ორგანიზატორი ანი მიხანაშვილი აცხადებს, რომ ბიზნეს ფორუმი კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების კომპლექსური პროგრამის, She Means Business-ის ფარგლებში იმართება და მასზე დასწრება კახეთში მცხოვრებ მეწარმე, მეწარმეობის მსურველ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ქალებს შეუძლიათ.
ფორუმზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მულტისექტორულ თანამშრომლობაზე, ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაზე ისაუბრებენ და წარმატებული ბიზნესლიდერი ქალები დამსწრეებს თავიანთი წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ.
პროექტი She Means Business რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მიზანი რეგიონში მცხოვრები მეწარმე და მეწარმეობის მსურველი ქალების დახმარება და ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის მრავალფეროვანი რესურსებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზების გზით აპირებს.
პროექტი She Means Business-ის ფორუმის შემდეგი ეტაპი ტრენინგების კომპონენტია, უკვე შექმნილია პროგრამა რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროექტის She Means Business-ის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფორუმის პარტნიორთა და მხარდამჭერთა სიაში არიან ასევე თელავის ქალთა ოთახი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტო, UN Women, Mercy Corps და სხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. She Means Business-ის მედია პარტნიორია BMG.