ომბუდსმენი – საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 ქალია
საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 არის ქალი. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან 2012 წლის ამნისტია ყველას შეეხო და დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მათგანმა ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც იოსელიანი განმარტავს, ის უვადო პატიმრების შესახებ საკითხს 2023 წლის ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს, ვინაიდან იოსელიანის თქმით, სასამართლომ უვადო პატიმრების საქმეების შესწავლა უნდა დაიწყოს.
„ჩემი აზრით, ძალიან ცინიკური ჩანაწერი გაკეთდა კანონში, როდესაც თან თქვეს, უვადო პატიმრებს ამნისტია ეხებაო, მაგრამ ვინაიდან მათ დანიშნული სასჯელი არ ჰქონდათ, კანონი კი დანიშნული სასჯელის რაღაც ნაწილის შემცირებას ითვალისწინებდა, უვადოების შემთხვევაში ვერც ვერაფერი შემცირდებოდა. კანონში ჩაიწერა, რომ ეხებოდათ, მაგრამ ამავე დროს არ ეხებოდათ. 2021 წელს სახელმწიფომ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა უვადო პატიმრების სასჯელის შემცირებისა და მათი განთავისუფლებისთვის მომზადების შესახებ, რომელიც 2-წლიან პროგრამას გულისხმობს. თუ აღნიშნულ პროგრამას უვადო პატიმრობაში მყოფი პირი გაივლიდა, მას საშუალება ჰქონდა სასამართლოსთვის მიემართა [ეს პროგრამა დღესაც არსებობს] და მისთვის სასჯელი შეემცირებინათ, ან თუ 20 წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი, სასჯელისგან გაეთავისუფლებინა. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა უვადო სასჯელის გადახედვას ახალ გამოვლენილი გარემოებების გარდა არ ითვალისწინებს, სხვა მექანიზმი იმისა, რომ უვადო მსჯავრდებულს რამე შეეხოს, არ არსებობს. 50-მა, ან ცოტა მეტმა მსჯავრდებულმა გაიარა ეს პროგრამა. 2 თვის წინანდელი მონაცემებით, 19-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, ყველა მათგანს უარი მოუვიდა სასჯელის როგორც შემცირებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ანუ გამოვიდა, რომ პატიმრებმა, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს, 2 წელი პატარა ბავშვებივით იარეს სკოლაში. ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამაა, ამეცადინებდნენ ლიტერატურიდან დაწყებული, სხვა მნიშვნელოვანი საგნებით, ამ ადამიანებს ტოტალურად ეთქვათ უარი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება, რაც მათ წინაშე აიღო, პრაქტიკულად არ შეასრულა და ეს პროცესი ჩიხში შევიდა. ამას 2023 წლის ჩემს ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ, რათა განსაკუთრებით, სასამართლომ გადახედოს ამ საკითხებს და რეალურად მათი საქმეების შესწავლა დაიწყოს – ვისაც სასჯელი შესამცირებელი აქვს, შეუმციროს და ვინც გასათავისუფლებელია, გაათავისუფლოს“, – აცხადებს იოსელიანი.
სახალხო დამცველის განმარტებით, მან უვადო პატიმრების საქმეების შესწავლა დაიწყო.
„ადამიანი, რომელსაც 20-25 წელი მოხდილი აქვს და ციხეში 18-19 წლის ასაკში მოხვდა, ფაქტობრივად ფუნდამენტურად შეცვლილია. ბევრმა მათგანმა დანაშაული პატარა ასაკში ჩაიდინა, ამიტომ სახელმწიფოს უფრო ჰუმანური მიდგომა უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის მსჯავდრებულების მიმართ. ძალიან ბევრ უვადო მისჯილ პატიმარს შევხვდი, თითქმის ყველას, ვინც სურვილი გამოთქვა, მხოლოდ რამდენიმემ არ ისურვა შეხვედრა. მათთან საუბრისას მივხვდი, რომ ბევრი განაჩენი, განსაკუთრებით, რომელიც 2012 წლამდეა გამოტანილი, მტკიცებულებების ძალიან დაბალი სტანდარტითაა მიღებული. ჩვენ 2012 წლამდე მისჯილი უვადო პატიმრების განაჩენების შესწავლა დავიწყეთ. ვფიქრობ, შემოდგომაზე სპეციალურ ანგარიშს გავაკეთებთ, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ. ეს არის საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობ“, აცხადებს იოსელიანი.
მისივე თქმით, უვადო თავისუფლება აღკვეთილებში დანაშაულის რეციდივის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს.
„რამდენიმე ადამიანია გათავისუფლებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში. თუ არ ვცდები, სულ 12, ძირითადად, შეწყალებებით. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ის, რომ უვადო მისჯილებს სხვა სასჯელმისჯილებისგან განსხვავებით ახალი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათთან რეციდივის მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც, რამდენიმე ათეული წელი ციხეში გაატარა, მან რეალურად გაიაზრა თავისი დანაშაული და ციხიდან პოტენციური დამნაშავე არ გამოვა. ზოგადად, სასჯელის მიზანი კანონის თანახმადაც და ზოგადადაც, ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა არაა. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, საფრთხის მყისიერად აღკვეთა, ადამიანის რესოციალიზაცია და თანამედროვე საზოგადოებაში მომზადებული დაბრუნებაა. ეს მიზნები თუ მიღწეულია, მაშინ მისი ციხეში ყოფნის აუცილებლობა აღარ არსებობს“, – აცხადებს იოსელიანი.