საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება – სამინისტრო
საძოვრების იდენტიფიცირებაზე, ზონირებაზე, საკუთრების უფლებაზე, კატეგორიის ცვლილებაზე, საძოვრების საერთო სარგებლობასა და საძოვრების მართვის თემაზე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება.
საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის მიზანი საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნით საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.
„კანონპროექტი სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების; დაცულ ტერიტორიებში, მათ შორის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მართული, ასევე დაცულ ლანდშაფტებსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებში და ტყეში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ მდებარე საძოვრების მართვას დაარეგულირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.