დღეს, ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის დადგენის წესი ზუსტდება
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით იწყებს კანონში ცვლილებების განხილვას, რომელიც პარლამენტს სემეკმა წარუდგინა.
კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის რამდენიმე მუხლი ტრანზიტის საფასურზე გადაცემის ტარიფის გავრცელების ორაზროვანი აღქმის საშუალებას იძლევა, რის გამოც აუცილებელია კანონის მკაფიო განმარტება და ცვლილება, რის შემდეგაც მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
„ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით”.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად ორაზროვნების აღმოფხვრით, გადაცემის ტარიფის დაანგარიშებისას, გაწეული ტრანზიტის მომსახურებაზე გავრცელებადი იქნება არა თითქოს და ირიბად განსაზღვრული გადაცემის ტარიფი, არამედ ტრანზიტის მომსახურებაზე ფაქტობრივად გადახდილი საფასურები და შესაბამისობაში მოვა კანონის პუნქტებთან, რომლებიც განსაზღვრავენ ტრანზიტის ფასის პრინციპსა და საქმიანობის დერეგულირებულ შინაარსს.
მარეგულირებელი განმარტავს, რომ ტარიფის გამოთვლის პრინციპში ცვლილება არ შედის და ხდება მხოლოდ მისი მიყენების პრინციპის დაზუსტება. აღსანიშნავია, რომ კანონი, მიღებისთანავე უნდა ამოქმედდეს.