რა ზარალი მიაყენა სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტს
თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, სოფლები ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სტიქიამ, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, დააზიანა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ხეხილის ბაღები და ვენახები.
,,სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ასეთი სეტყვა მე არ მახსოვს. დიდები იყო ძალიან. ხეებს ფოთოლი სულ გააცალა, იყალთოში კიდევ ვენახები დააზიანა”,- განაცხადეს ადგილობრივებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა.
,,ძირითადად დაისეტყვა სოფლები: ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო. სხვა სოფლებშიც იყო შედარებით წვრილი სეტყვა და ქარი. მნიშვნელოვანი ზარალი არ გვაქვს, ვენახები ჯერჯერობით ისეთ პროცესშია, რომ ზარალი არ ეტყობა, ყურძენი ძალიან წვრილია.
ძირითადად სოფლებზე გადაიარა სეტყვამ და ვენახები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ზარალის აღწერა გუშინ პარალელურ რეჟიმში დაიწყო. მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, მერის წარმომადგებლებთან ერთად იმყოფებოდა ყველა ლოკაციაზე”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.