2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ
2025 წლის 1-ლი იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება.
ბიზნეს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მზადება უკვე დაწყებული აქვს, ნაწილს მიზნის მისაღწევად გარკვეული ინვესტიციის განხორციელებაც უწევს, თუმცა სერვისის ხარისხის ასამაღლებლად და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებად სამედიცინო დაწესებულების გამართულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს პროცესი უკვე დაწყებული აქვთ და ამ ეტაპზე აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღის გადახედვა არ იგეგმება.
„ესეც ისეთი საკითხია, რომ ერთის მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ მიზანი ასეთი ინიციატივის თუ რეგულაციის გახლავთ პაციენტისთვის აუცილებელი სერვისის მაღლა ზრდა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ალბათ მთავარი რაც რაც ჯანდაცვის სექტორს სჭირდება. მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესთან კონსულტაციით, კლინიკებთან, სამედიცინო სექტორთან კონსულტაციით უნდა შევძლოთ, რომ მუდმივად მზარდი ეს ტემპი იყოს ისეთი, რომელიც დაძლევადი იქნება ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის. ამ ეტაპზე ნამდვილად არის გამოკვეთილი ისეთი ფაქტორი, რომელიც დღესვე გვაიძულებს ამ თემაზე ფიქრის დაწყების საჭიროებას, თუმცა შეიძლება აღნიშნულზე ნებისმიერ დროს მოვისმინოთ კრიტიკული მოსაზრება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებებიც მივიღოთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ 210 ჰოსპიტალს, რაც კლინიკების 78%-ს შეადგენს, საერთაშორისო აკრედიტაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. აღნიშნულის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2023 წლიდან დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს (კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს,“ – ნათქვამია მოხსენებაში.
არსებული რეგულაციით, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა მომავალი წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება. საქართველოს ბაზარზე უკვე შემოსულია რამდენიმე უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.