წელს საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ამათგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1. რაც შეეხება თვეების მიხედვით გადანაწილებას, წელს იანვარში 15 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, თებერვალში – 16, მარტში – 36, აპრილში – 22, ხოლო მაისში -16. შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მოქმედებს.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 13.9 მლნ აშშ დოლარი ჩინეთზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებლით, ქვეყნისთვის ჩინეთი რიგით მეშვიდე ინვესტორია.