მთავრობა პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებები შეეხება აკრედიტაციის, სტანდარტების, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებს: განისაზღვრება აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები და აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა; დაზუსტდება სტანდარტების დეფინიცია, სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პროცედურები. კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი – „ევროპული სტანდარტი“.
ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის თანახმად, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე:
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც – 1500 ლარამდეა, განისაზღვრება – 1500 ლარიდან – 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან – 5000 ლარამდე.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც – 3000 ლარამდეა, განისაზღვრება – 3000 ლარიდან – 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან – 8000 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 891-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ცვლილების შემდეგ (191 მუხლის 23-ე ნაწილში მომზადებული ცვლილების საფუძველზე) აღნიშნული მოხდება სუბიექტის განმეორებით დაჯარიმების შემდეგ.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც – 5000 ლარამდეა, განისაზღვრება – 5000 ლარიდან – 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან – 10 000 ლარამდე.
ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც – 7000 ლარამდეა, განისაზღვრება – 7000 ლარიდან – 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან – 12 000 ლარამდე.
ამასთან, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა – პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან – 5 000 ლარამდე განისაზღვრება.