ახალი ამბები

კომპანია “იორა” საგარეჯოში იასამნის არყის წარმოებას იწყებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მოქმედი ბიო ღვინოს მწარმოებელი კომპანია “იორა” იასამნის არყის წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი კოტე თოფურია აცხადებს, მსგავსი პროდუქტი ქართულ ბაზარზე იშვიათია.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია იასამნის არყის 500 ბოთლამდე წარმოება, რომელიც ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე გაიყიდება, ძირითადად ალკოჰოლური სასმელის ბუტიკურ მაღაზიებში და ონლაინ, ასევე მიტანის სერვისის მეშვეობით “გლოვოზე”, “ბოლტსა” და “ველი სთორიზე”.

მეწარმე ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ ახალი ხაზის დამატება კომპანიამ საკუთარი ფინანსური რესურსით მოახდინა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროდუქტი მაღალალკოჰოლური და ნატურალურია. როგორც თოფურია აღნიშნავს, არაყი მთლიანად იასამნის ყვავილისგან ბუნებრივი ინგრედიენტების დამატებით მზადდება. ტექნოლოგიურად კი ხილისგან დამზადებული სასმელისგან რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, არაყი მზადდება იასამნის მიცერაციით, რაც ნიშნავს, რომ წარმოების პროცესში ხდება მცენარის ყვავილის გაჯერება სითხით, ამ დროს გამოიყოფა იასამნის არომატი, რომელიც არაყს დაუვიწყარ გემოს და ფერს აძლევს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნედლეული გამზადებულია. გამოხდის პროცესი კი უახლოეს პერიოდში დაიწყება და ზაფხულის ბოლოს ახალი სასმელი სარეალიზაციოდ მზად იქნება.

კომპანია „იორა“ 7 სახეობის ღვინოს ტრადიციული მეთოდით აწარმოებს. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2 წლის წინ დაარსდა და ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება.