არჩევნებიახალი ამბები

საია – კახეთში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების, 10:00 საათისთვის არსებულ შედეგებს აქვეყნებს. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა საიას ცნობით, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომლებიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.
„ამ დროისათვის საია-ს დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. კახეთში მსგავსი 5 დაფიქსირდა, რომლის დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა. ახმეტის #4 უბანი – ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;
ახმეტის #12 უბანი – ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა. გურჯაანის #19 უბანი – ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა. ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს, კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა ნების კონტროლი მიმდინარეობს.
რაც შეეხება დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას, ორგანიზაციის ცნობით, ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების გაფრთხილების მიუხედავად, მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, საიას წარმომადგენლებს დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და ახმეტის მე-6 უბანზე არ უშვებდნენ.
„მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებელი შეუშვეს აღნიშნულ უბანზე’’, – აცხადებენ საიაში.