ახალი ამბები

თელავში მრავალფეროვნების ფესტივალი გაიმართა

დღეს თელავმა მრავალფეროვნების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა 12 სოციალური პროექტის გამოფენა/პრეზენტაცია გამართეს. პროექტები ძირითადად შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, ბულინგის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო აქტივობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. პროექტები 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებმა თავიაანთი რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმეს და განახორციელეს.

ორგანიზაციის ,,ირის ჯგუფი-მრავალფეროვნების მართვა’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, პროეტებში ჩართვა, მათი პრობლემების წინ წამოწევა და მოგვარების გზების ძიება. ანა ვირსალაძის თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტები ემსახურება ახალგაზრდების სამოქალაქო გააქტიურებას.
,,აღნიშნული ფესტივალი არის პროგრამის ,,მრავალფეროვნების სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ემსახურება მოქალაქეების, ახალგაზრდების გააქტიურებას და სხვადასხვა პროექტში ჩართვას. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში ყოველწლიურად ტარდება მრავალფეროვნების ფესტივალი. წელს ავირჩიეთ თელავი, რადგან ჩვენი ორგანიზაცია კახეთში აქტიურად მუშაობს. სამომავლოდ კახეთის რეგიონში საქმიანობის გაფართოვებას და გააქტიურებას ვგეგმავთ. მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება და მათი იდეების განხორციელება ’’,– განუცხადა knews.ge-ს ანა ვირსალაძემ.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას ბულინგის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
,,ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა არის ჩვენი ყველაზე მთავარი მიმართულება. როცა ასეთი პროექტები მოგვმართავენ დახმარებისთვის, მათ მხარს ვუჭერთ. წარმოდგენილი სოციალური პროექტები იყო თემატურად მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო. ვისურვებდით მსგავს ღონისძიებებში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს’’,– აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ფიქრია ყუშიტაშვილმა
მრავალფეროვნების სკოლას ახორციელებს „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა“ გერმანულ ორგანიზაცია „MitOst“-თან თანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.