ახალი ამბები

აუდიტის სამსახური გურჯაანში ბაგა-ბაღებს ამოწმებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ 37 ბაგა-ბაღს მერიის შიდა აუდიტის სამსახური ამოწმებს.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შემოწმებულია 12 სააღმზრდელო დაწესებულება.
,,არცერთ სოფელში არავის უნდა ეშინოდეს, რომ ბავშვი ბაღში გაუშვას, ამიტომ სისუფთავის დაცვა ყველა ბაღში აუცილებელია. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური 2018 წლის დასაწყისიდან იკვლევს და ამოწმებს ააიპ ორგანიზაციების მუშაობას. შესაბამისად იდება დასკვნები და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირებაც. მაგალითად: ვეჯინის ბაღში გურჯაანის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა მძიმე სანიტარული დარღვევები, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბაღის ხელმძღვანელი ორი გაფრთხილების შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან. ამ ეტაპისთვის უკვე შემოწმებულია 12 ბაღი. სულ მუნიციპალიტეტში 37 ბაღია და ყველა შემოწმდება, დარღვევებზე რეაგირება კი აუცილებლად იქნება მკაცრი’’,– განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მკაცრი გაფრთხილება მიიღეს ასევე ჭანდარის სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერმა და მზარეულმა. აუდიტის სამსახური ბაგა-ბაღებში ინსპექტირებას 20 ნოემბერს დაასრულებს.