ვეჯინის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თამარ სიბაშვილის მტკიცებით, ის გურჯაანის მერის დავალებით ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა  სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. სიბაშვილი მის გათავისუფლებას უკავშირებს გასულ კვირას ,,რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერს, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები ბაღებისა და სკოლების დირექტორებს ავალებენ საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ამომრჩევლის მობილიზებას.
სიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ფარული აუდიო ჩანაწერი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მან მიაწოდა.
,,მე ვარ გათავისუფლებული იმიტომ რომ ვერ ჩავაბარე ტესტი, ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ სოფელმა ვეჯინმა ვერ დადო არჩევნებზე ის შედეგი რაც უნდა დაედო. ამაში კი თურმე მე ვარ დამნაშავე’’- აცხადებს თამარ სიბაშვილი
ვეჯინის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი ფიქრობს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ასევე გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრთან, გიორგი სიბაშვილთან ნათესაური კავშირი გახდა.
გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ სიბაშვილის ბრალდებებს უარყოფს. ლელა თევდორაშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლების საფუძველი სიბაშვილის მიმართ გასულ თვეებში დაკისრებული საყვედური და რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილება გახდა.
,, საბავშვო ბაღების მენეჯერებს გაფრთხილება ჰქონდათ მიცემული და ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოფხვრა ჰქონდათ დავალებული, თუმცა ეს მითითება არ შეასრულა სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერმა თამარ სიბაშვილმა, რის გამოც ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიძლება იყოს ბაღში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ეტაპობრივად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ იქ სისუფთავე და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული’’,- აცხადებს ლელა თევდორაშვილი.
თამარ სიბაშვილის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას გამორიცხავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიც. არჩილ ხანდამაშვილი მიუთითებს, რომ ვეჯინის საბავშვო ბაღის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს აუდიტის სამსახურის მიერ სააღმზრდელო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების გამო.
,,მე ამ ბრალდებებს არ ვეთანხმები. აბსურდია, რომ მე ვინმეს პოლიტიკური ნიშნით რამეს ვაძალებდე. არცერთ სოფელში არავის უნდა ეშინოდეს, რომ ბავშვი ბაღში გაუშვას, ამიტომ სისუფთავის დაცვა ყველა ბაღში აუცილებელია. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური 2018 წლის დასაწყისიდან იკვლევს და ამოწმებს ააიპ ორგანიზაციების მუშაობას. შესაბამისად იდება დასკვნები და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირებაც. ვეჯინის ბაღს რაც შეეხება, მისი მენეჯერი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული. ბაღში გურჯაანის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა მძიმე სანიტარული დარღვევები, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ამას კი მიაწერეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის უკვე შემოწმებულია 7 ბაღი და მიმდინარეობს 5 ბაღის შემოწმება. სულ მუნიციპალიტეტში 37 ბაღია და ყველა შემოწმდება, დარღვევებზე რეაგირება კი აუცილებლად იქნება მკაცრი’’,– განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *