ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. ფესტივალის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, ახალგაზრდების გაძლიერება UNFPA-ს საქართველოს ოფისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
,,პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, UNFPA ხელს უწყობს ახალგაზრდების მდგრად განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივის საშუალებით, როგორიცაა: თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები და ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ., რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში. ახალგაზრდულმა ფესტივალმა თელავში სხვადასხვა სახის შემეცნებით, სპორტულ და გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გენდერული თანასწორობის თემაზე საჯარო ლექციები წაიკითხეს მწერლებმა გიორგი კეკელიძემ და დავით გორგილაძემ და უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა. გაიმართა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოპროექტის „თანატოლები თანასწორობისთვის“ გამოფენა, ასევე ჩატარდა საჯარო გამოსვლის კონკურსი მოსწავლეებისათვის, კულინარიული კონკურსი მამაკაცებს შორის და სპორტული შეჯიბრება ღია ცის ქვეშ’’,- განუცხადა knews.ge-ს ლელა ბაქრაძემ.
ფესტივალი სახალხო დღესასწაულის “ერეკლეობისა”და გაეროს პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.