ახალი ამბები

გურჯაანის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას გეგმავს.

მერს სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით. როგორც knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მეწარმე იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს
განაცხადები მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების მსურველებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ან ელექტრონულ ფოსტაზე: gurjaanisraioni@gmail.com.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, ინფრასტრუქტურული და სოციალური, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი