ახალი ამბები

პოლიციამ საგარეჯოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან 6 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონას მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარნეულის მუნიციპალიტეტში იპოვეს.

როგორც knews.ge-ს შსს-ში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რომლის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ.

17 წლის გოგონა 12 ოქტომბერს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. knews.ge-სთან საუბრისას გოგონას ნეთესავმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი მათივე თანასოფლელმა მოიტაცა. შსს-ს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომელიც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.

კითხვაზე – დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა შესაძლო დამნაშავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის კომენტარისგან თავს იკავებენ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი