ახმეტაში მდებარე ომალოს კოშკს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ძეგლის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის ქვებით.
“კოშკი სამსართულიანია, გარედან შელესილია. მას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს პირველ სართულზე. კარი არქიტრავულია, ნაოთხალიანი. პირველი სართული სწორკუთხაა, მეორე – ოვალური, სამხრეთის კედელში პირველ და მეორე სართულზე სათოფური და ნიშია, მესამე სართული მოშლილია. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედელში საძელე ფოსოებია დატანებული. შესასვლელი კარის წირთხლზე შელესილობაზე ხელის ორი ანაბეჭდია გაკეთებული. ინტერიერის პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი მასით. კოშკი დაფარულია მცენარეული საფარით. კოშკი გვიანი შუა საუკუნეების პირველი ეტაპის სასიგნალო ნაგებობის საინტერესო ნიმუშია“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ანოტაციაში.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი