ახალი ამბები

გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ღვინის ფესტივალი გურჯაანში უკვე მეორედ გაიმართება. ორგანიზატორთა თქმით, ის ამჯერად უფრო მასშტაბური იქნება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  ქვევრში დაყენებული ღვინოები, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოები, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

ფესტივალისთვის გურჯაანის მერია აქტიურ მზადებაშია. ტრადიციული კერძების, ღვინოებისა და ჩურჩხელების გავლების  გარდა, ადგილობრივებს პოპულარული ანსამბლის – 33 ა-ს კონცერტიც ელის.

როგორც knews.ge – ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა, ფესტივალი წელს გაცილებით უფრო მასშტაბურია, რადგან მევენახეებმა ყურძნის დიდი მოსავალი მიიღეს:

წელს, გურჯაანში განსაკუთრებული წელი გვაქვს, ატმის ექსპორტმა 20 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო ყურძნის მოსავალი რეკორდული მაჩვენებლით მივიღეთ, რამაც ოჯახებს ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ამიტომაც განსაკუთრებულია დღევანდელი დღე ჩვენთვის და თითოეული გურჯაანელისთვის.

მეღვინეობის ქალაქი მასპინძლობს ღვინის ფესტივალს, რომელიც უფრო მასშტაბურია, ვიდრე გასულ წელს იყო, მასში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია და 50-ზე მეტი მეწარმე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, M2-ფესტივალის გენერალური სპონსორობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის, ასევე თითოეულ მონაწილეს,” – აცხადებს დავით სონღულაშვილი.

ფესტივალის გენერალური სპონსორი კომპანია m2-ია. კომპანია m2 სასტუმროების ქსელის განვითარებას აგრძელებს და ამჯერად 17 500 000$ -იანი ინვესტიცია, კახეთში კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში განხორციელდება.

კომპანიის გენერალური დირექტორის,  ირაკლი ბურდულაძის განცხადებით, „გურჯაანის ღვინის და სპა სასტუმრო კომპლექსი ამჟამად პროექტირების რეჟიმშია. 7 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებთან ერთად, კომპლექსში  წარმოდგენილი იქნება 60  სასტუმრო ნომერი, 30 კერძო ვილა, ქართული ტრადიციული და უცხოური ფორმატის რესტორნები, ღვინის მარანი, სპა ცენტრი. ეს იქნება ადგილი, სადაც არქიტექტურული კონცეფცია და  ბუნება ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული.

სასტუმრო კომპლექსში მთავრი აქცენტი ქართული ღვინისა და დახვეწილი ქართული სამზარეულოს გამოცდილების მიღებაზე კეთდება. ეს ადგილი გახდება კახეთის რეგიონის სავიზიტო ბარათი და მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრი. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება გურჯაანისა და მთლიანად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, როგორც ტურისტული პოტენციალის გაზრდის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ გურჯაანის, როგორც მეღვინეობის ქალაქის და ერთ-ერთი ცენტრის ფორმირებას და პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზეზით ვუჭერთ მხარს გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ,” – აღნიშნა  ირაკლი ბურდულაძემ, m2 -ის გენერალურმა დირექტორმა.