ახალი ამბები

თელავში ღვინის ფესტივალი ,,თელავინო” გაიმართა

თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018″ გაიმართა. თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნებისმიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვადასხვა სახის ნამუშევრები.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, „თელავინო 2018″-ის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

მისი თქმით, ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„ სასიამოვნოა, რომ მევენახეები და მეწარმეები ერთად აღნიშნავენ ღვინის ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი კახეთში წარმატებული რთველის ფონზე ტარდება. ფესტივალი „თელავინო” წელს მეხუთედ ტარდება და აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის სტუმრების, მათ შორის, უცხოელი ტურისტების რიცხვი”- განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ფესტივალი „თელავინო 2018″ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

,,თელავინო” „კახეთის მეღვინეთა გილდიის” მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება.