ნათელაშვილი: საარჩევნო გარემო არათანაბარია, თუმცა უკონკურენტო ვარ
,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია, რაშიც დიდი წვლილი ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს.
მისი განმარტებით, მთავრობა და ღვინის ქარხნები მევენახეებს პრობლემებს უქმნიან, რის გამოც კახელები მოყვანილი მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ.
,,მევენახე ცუდ დღეშია. ის მოსავალს ვეღარ აბარებს. მე მოვუწოდებ ღვინის ქარხნის მფლობელებს, შეწყვიტონ მთავრობასთან დაახლოებული პირების მოსავლის ჩაბარება და მიიღონ კახელი მევენახეების მიერ მოყვანილი ყურძენი. ჯერ ისედაც მათხოვრული ფასი ღირს ყურძენი და იმ ფასადაც ჩაბარებას ვერ ახერხებენ კახელები. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებ”,– განუცხადა knews.ge-ს შალვა ნათელაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას აგიტაცია არათანაბარ საარჩევნო გარემოში უწევს.
,,მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო არათანაბარია, ვფიქრობ მე უკონკურენტო ვარ. სხვა კანდიდატებს დიდი პოლიტიკური გზის გავლა სჭირდებათ”,- განაცხადა ნათელაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი