ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო უნიკალური განძი იპოვეს

დედოფლისწყაროში, ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთები – უნიკალური განძი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უმაღლეს სასწავლებელში აცახდებენ, რომ განძი ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან იყო დაუნჯებული.
“უკვე მეორე წელია, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსი, შირაქში, მთა ნაზარლებზე მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ნაქალაქარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია სწავლობს. სამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა 200-მდე ბრინჯაოს მახვილის იმიტაცია, ასევე ბრინჯაოს ნამგლები, აფთები, სატევრები, მახვილები და, რაც ძალზე საყურადღებოა, ბრინჯაოს ორმხრივპირიანი ცული. კვლევითი პროექტი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2007 წელს შემუშავებული საუნივერსიტეტო პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ნაქალაქარის შესწავლა კვლავაც გაგრძელდება და მეცნიერთა შეფასებით, იქ კიდევ ბევრი საყურადღებო აღმოჩენა შესაძლოა განხორციელდეს”, – განაცხადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ექსპედიციას გერმანიის მხარე აფინანსებს.